შემწვარი დამარინადებული წიწაკა იტალიურა



შემწვარი და შემდეგ ზეთში დამარინადებული წიწაკა იტალიური სამზარეულოს კლასიკაა და ძალიანაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების კულინარიაში. შესაბამისად, რეცეპტიც მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. იტალიურ ვერსიაში წიწაკას ზეითუნის ზეთში დებენ ნიორთან, ორეგანოს ან ბაზილიკის ფოთლებთან ერთად. სავსებით შესაძლებელია ამ მცენარეების ხმელი სახით გამოყენებაც (ნივრის გარდა). ასეთი წიწაკა ხშირად გამოიყენება სალათებში, ბუტერბროდებსა და სხვადასხვა საუზმეულში. გასაკეთებლად ძალიან მარტივია და არც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

2 ცალი წითელი წიწაკა (ყვითელიც შეიძლება)
4-5 ს.კ.ზეითუნის ზეთი
2 კბილი ნიორი
ორეგანო (ხმელი, რადგან აქ ნედლი არ იშოვება) ან ბაზილიკი

თავდაპირველად შევწვათ წიწაკა. ამის გაკეთება შეიძლება ღუმელში, 200 გრადუსზე, წიწაკა ხშირად გადავაბრუნოთ. კანი უნდა დაიბუშტოს და ადვილად სძვრებოდეს. უფრო მარტივი გზაა პირდაპირ გაზქურის ცეცხლზე შებრაწვა: დავიჭიროთ ყუნწით და დავდოთ ქურაზე, ღია ცეცხლზე. კანი რომ გაუშავდება, გადავაბრუნოთ და ასე გავაგრძელოთ სანამ ბოლომდე შეიწვება. შემწვარი წიწაკა ჩავდოთ ცივ წყალში და კანი გავაძროთ. ხელსახოცით შევამშრალოთ, ყუნწი და თესლი მოვაცილოთ და დავჭრათ ზოლებად.
მოვამზადოთ მარინადი: შევურიოთ ზეთი, ორეგანო და ნიორი. მოვასხათ წიწაკას და გამოყენებამდე მინიმუმ 2 საათი დავდგათ. პერიოდულად ამოვურიოთ. თუ უფრო დიდხანს გსურთ შენახვა, შეგიძლიათ მაცივარში შევინახოთ, გამოყენებამდე ცოტა ხნით ადრე კი გამოვიღოთ ოთახის ტემპერატურაზე.




რიზოტო ზღვის კოქტეილით და პამიდვრით


რიზოტოსა და მისი მომზადების ძირითად პრინციპებზე ადრე ვწერდი, თუ გახსოვთ. შეგიძლიათ ამ ბმულს გადახედოთ.
ზღვის პროდუქტი და თევზეული ძალიან მიყვარს. რა სამწუხაროა რომ საქართველოში მწირი არჩევანი გვაქვს ამ მხრივ.  სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე ფილმებს მოგზაურობაზე, სადღაც ოკეანის პირას თევზით სავსე ბადეებს რომ გამოიტანენ სანაპიროზე, პალმის ფოთოლში შეახვევენ და კოცონზე ბრაწავენ!  ან გრილზე აშიშხინებულ ლიმონის კარაქიან ლობსტერებზე რას იტყოდით?  უუფ! გემოსაც კი ვგრძნობ ამ დროს…
მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს გაყინულ ზღვის პროდუქტს :D  მე ესეც მეგემრიელება, ან ვცდილობ გავაგემრიელო, შესაძლებლობების ფარგლებში.

 4 ულუფისთვის
1 ჭ. რიზოტოს ბრინჯი
1 ხახვი
250-300 გ ზღვის კოქტეილი (კრევეტი, მიდია, რვაფეხა, კალმარი)
2 ცალი პამიდორი, ან 1 დიდი
4-5 ფოთოლი ბაზილიკი (თუ არ გავთ რეჰანით ან შაშკვლავით  ჩაანაცვლეთ, თუმცა სხვა არომატი ექნება)
100 მლ თეთრი ღვინო
2.5-3 ჭ ბულიონი ან წყალი
2 ს.კ. კარაქი
ზეითუნის ზეთი
ხახვი წვრილად დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოშუშეთ. დააყარეთ ბრინჯი, კარგად მოურიეთ და რამდენიმე წუთი შუშეთ ამ ცხიმში. ბრინჯი გამჭვირვალე გახდება.  ამის შემდეგ დაასხით ღვინო, მოურიეთ და დატოვეთ ნელ ცეცხლზე. როცა ღვინოს ბრინჯი მთლიანად შეიწოვს, დაასხით ბულიონის მესამედი, ისევ მოურიეთ და დაელოდეთ სანამ ბრინჯი შეიწოვს სითხეს.
დაამატეთ გამლღვალი ზღვის კოქტეილი, ამოურიეთ და კვლავ დაასხით ბულიონი. სითხის ყოველი ახალი ულუფა უნდა დაასხათ მას შემდეგ, რაც წინა ულუფას მთლიანად დაიშრობს.
პარალელურად, პამიდორს კანი გააცალეთ, დაჭერით საშუალო ნაჭრებად და ცოტა ზეითუნის ზეთში მოშუშეთ  საშუალო ცეცხლზე, დაჭრილ ბაზილიკთან ერთად.  შეგიძლიათ სულ ცოტა ახალდაფქული პილპილიც მოაფრქვიოთ
როცა ბრინჯი სითხის ბოლო ულუფასაც დაიშრობს, ცეცხლიდან გადმოიღეთ, დაამატეთ პამიდორი, ამოურიეთ, შემდეგ კარაქის ნაჭერი ჩადეთ და 10 წთ თავდახურული დატოვეთ. თუ კალორიები არ გაშინებთ, კარაქი მეტიც შეიძლება.
ბოლოს დაამატეთ მარილი, კარგად ამოურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან .
უგემრიელესია!
საზომად გამოყენებულია ერთი და იგივე 250 მლ-იანი ჭიქა.





ოსო ბუკო მილანურად


რა ხანია, ამ ცნობილი კერძის მომზადება მინდოდა.  როცა სუპერმარკეტში დაჭრილი, ჩაწიკწიკებული ნაჭრები დავინახე, მაშინვე გამახსენდა ეს მივიწყებული სურვილი. რა თქმა უნდა, შევიძინე და სახლში დაბრუნებულმა,  რეცეპტის დასაზუსტებლად რამდენიმე  სანდო ინტერნეტ საიტს გადავავლე თვალი.  ამ კერძის რამდენიმე ვარიაცია არსებობს, ამზადებენ წითელი ან თეთრი  ღვინით ,ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით ბოსტნეულსაც ამატებენ (მაგ: სტაფილოს, პამიდორს) თუმცა ამჯერად მე   PerfectCook.org-ზე გამოქვეყნებული ვერსია ავირჩიე, რომლის ავტორიც იტალიურ სამზარეულოში კარგად ერკვევა და არაჩვეულებრივი კულინარიც არის :)
მცირე ცვლილების შემდეგ, ჩემი ვერსია ასე გამოიყურება:
2 ნაჭერი ოსო ბუკო
2 პატარა თავი წითელი ხახვი
600 მლ ბულიონი (თუ არ გაქვთ, წყალი)
200 მლ თეთრი ღვინო
1-2 კბ ნიორი
ნახევარი ლიმონის ცედრა
ფქვილი
კარაქი ან ზეთი
ხორცის ნაჭრები ფქვილში კარგად ამოავლეთ და კარაქში ან ზეთში შეწვით. როცა ერთი მხრიდან შეიწვება, გადააბრუნეთ და წვრილად დაჭრილი ხახვიც ჩაამატეთ.   რომ დაიბრაწება, დაასხით ღვინო, რამდენიმე წუთში კი ბულიონიც დაამატეთ. წამოადუღეთ, ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და თავდახურული ხარშეთ დაახლოებით 1.5 საათი. დრო დამოკიდებულია თავად ხორცზე, შეიძლება მეტი ან ნაკლები დასჭირდეს. საბოლოოდ, სოუსი ცოტა  უნდა შესქელდეს. ბოლოს დაამატეთ ნიორი, ოხრახუში, ლიმონის ცედრა და მარილი.  მე ჩემი საყვარელი შავი პილპილიც დავამატე :D
გარნირად მიირთვით რაც მოგესურვებათ :) ტრადიციულად, მილანელები რიზოტოსთან ერთად გეახლებიან.  ძალიან გემრიელია, ციტრუსის მსუბუქი არომატით :).





ტირამისუ


Tirami su- ამიტაცე!  სწორედ ასე თარგმნიან ამ გენიალურად მარტივი, უგემრიელესი დესერტის სახელს იტალიურიდან. მოამზადეთ საღამოს, ანებივრეთ მაცივარში მთელი ღამით, დილით კი სურნელოვანი ყავის ან ჩაის თანხლებით მიირთვით :) აუცილებელი დეტალია ის, რომ ამ დროს არ იჩქაროთ, ყოველი ლუკმა დააგემოვნოთ და იგრძნოთ როგორ დნება პირში…  ბედნიერების შეგრძნება კიდევ უფრო მატულობს, თუ მზიანი დილაა და სხივები სახეზე გეთამაშებიან, სადმე ახლოს კი თუნდაც ერთ მწვანე ფოთოლს ან ყვავილს შეამჩნევთ :) ))  მერე ისღა დაგრჩენიათ საყვარელ ადამიანს მხურვალედ აკოცოთ და საქმეებს შეუდგეთ “ბედნიერი კალორიების” დასახარჯად :).
ჩვენს ბლოგზე უკვე დევს ამ უგემრიელესი დესერტის 2 რეცეპტი, მაგრამ, ფიქრობ, მესამე ტირამისუც არ იქნება ზედმეტი  :)  მაშ ასე, მოიმარაგეთ:
400 გ სავოიარდი savoiardi  ( (შეიძლება ეწეროს  lady fingers  ან biscuits à la cuillère, boudoirs )
500 გ მასკარპონე
3 კვერცხი
150 გ შაქარი
250-300 მლ ყავა (მაგარი)
2-3 ს.კ ვისკი, რადგან მარსალა არ მქონდა
კაკაო
კვერცხი და მასკარპონე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
მდუღარე წყალში გახსენით 2 კოვზი ყავა, ცოტა შაქარი საერთო რაოდენობიდან (1-2 კოვზი) და გაგრილებულს დაამატეთ ალკოჰოლი.

ინგრედიენტები
კვერცხის ცილისგან ათქვიფეთ მყარი ბეზე, გულებს კი დაამატეთ შაქარი და გათქვიფეთ გათეთრებამდე, სანამ შაქარი არ გაიხსნება. დაამატეთ მასკარპონე და ისევ კარგად გათქვიფეთ.
ბოლოს ამ მასაში ჩაუშვით ბეზე და ფრთხილად ამოურიეთ მიქსერის გარეშე, კოვზით ან ხელის სათქვეფით, ან სულაც მიქსერით “ფეხით” :) მიიღება ჰაეროვანი, ნაზი კრემი.
სავოიარდები დასველეთ ყავაში ერთი მხრიდან(2 წამით ჩადეთ და ამოიღეთ), მჭიდროდ ჩაალაგეთ გვერდებიან ფორმაში, დაადეთ კრემის ფენა, შემდეგ ისევ ყავიანი სავოიარდები და კრემი, ზემოდან მოაყარეთ კაკაო და მაცივარში შედგით მთელი ღამით.
რადგან ტირამისუში  კვერცხი უმად გამოიყენება, ის აუცილებლად ახალი უნდა იყოს.




     კროსტინი


იტალიელებს, ფრანგებისა არ იყოს, საოცარი სამზარეულო აქვთ! განსაკუთრებით სიმარტივე მომწონს მასში,  მცირე ინგრედიენტებისგან შექმნილი სრულყოფილი გემო, გამოკვეთილი არომატები, ზეითუნის ზეთი, ბაზილიკი, პასტა ღვინისარომატიანი სოუსით, ყველი ნაირნაირი…   მგონი თქვენც მოგშივდათ, არა? :)  შეგიძლიათ კროსტინი მოიმზადოთ, ხრაშუნა არომატული პური, ადვილიცაა და გემრიელიც.
კროსტინი და ბრუსკეტა ჰგავს ერთმანეთს, მომზადების პრინციპი თითქმის ერთნაირი აქვს. ძირითად განსხვავებად მიიჩნევა მათი ზომა, ბრუსკეტა დიდი ზომის პურის ნაჭრებისგან მზადდება,კროსტინი კი პატარაა,  ხშირად ბაგეტით ამზადებენ. შეიძლება მიირთვათ როგორც ცოცხალი, ისე მოთუშული ბოსტნეულით და ყველით
ორივე  ძალიან გემრიელია და მოსამზადებლადაც ადვილი.


2 ცალი კროსტინისთვის საჭიროა:
2 ნაჭერი პური
1 კბილი ნიორი
1 პამიდორი
ბაზილიკის რამდენიმე ფოთოლი
2-3 ს.კ  ზეითუნის ზეთი
1 ს.კ ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი
შეგიძლიათ ყველიც დაამატოთ
დაჭყლეტილი ნიორი და ზეთის ნაწილი ერთმანეთს შეურიეთ, გადაუსვით პურის ნაჭრებს და  შედგით ღუმელში 200 გრადუსზე ან გრილის ქვეშ. პპურები უნდა შეოქროსფრდეს და ხრაშუნა გახდეს.
თუ ღუმელის ანთებას ერიდებით, პურის მომზადების მეორე გზაც არსებობს: ტოსტერში ან  სენდვიჩის აპარატში გახუხეთ, შემდეგ წაუსვით ნივრიანი ზეთის ნარევი ან ტაფაზე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში შებრაწეთ და შუაზე გაჭრილი ნიორი ცხელსვე გადაუსვით.
პამიდორი დაჭერით კუბებად, ზედმეტ სითხეს და თესლებს ნუ მიაყოლებთ. მოასხით დარჩენილი ზეთისა და ლიმონის წვენის ნაზავი, მარილი, პილპილი და დაჭრილი ბაზილიკიც მოაყარეთ. დაადეთ პურის ნაჭრებს და მიირთვით.
ბაზილიკი ძალიან უხდება, საოცარ არომატს სძენს პამიდვრიან კერძებს, მაგრამ თუ არ გაქვთ რეჰანი ან შაშკვლავი გამოიყენეთ.